შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ შსს-ს მესაზღვრეებს და მათ მწვრთნელს შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და დაასაჩუქრა.
10-15 ნოემბერს ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში, სადაც საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრეები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: ვალერი ვაჭრიძე (57 კგ წონით კატეგორიაში), არსენ ყარაგვეზაშვილი (71 კგ), ხვიჩა ქოქუაშვილი (86 კგ). ვერცხლის მედალოსანი: ლევან წიკლაური (60 კგ), ბრინჯაოს მედალოსანი: დავით ქადაგიძე (75 კგ).
სპორტსმენები დედოფლისწაროში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) თანამშრომლის, თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ, ნაკრებ გუნდში რაიონის სხვა სპორტსმენებიც ირიცხებიან, რომლებმაც ასევე ასახელეს საქართველო და მსოფლიო კიკბოქსინგის ფორუმზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ვერცხლის მედალოსნები: გიორგი წიკლაური (63,5 კგ), შალვა ხოსიტაშვილი (67 კგ). ბრინჯაოს მედალოსანი ჭაბუკებში: ნუგზარ ყარაგვეზაშვილი (63,5 კგ).