შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ მეტროსადგურ "ვარკეთილთან" მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრი ასევე შეხვდა და გაესაუბრა დაჭრილი პოლიციელის ოჯახის წევრებს. ვახტანგ გომელაური ექიმს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და მისგან ინფორმაცია მიიღო. ექიმის განცხადებით, ვალერიან გრძელიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა, პოლიციელი ამჟამად რეანიმაციურ განყოფილებაშია მოთავსებული და მის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. დღესვე, შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელის - ბექა მარგიშვილის ოჯახის წევრებთან მივიდა და მიუსამძიმრა.
„გუშინ რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია. თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც შეამჩნიეს პიროვნება, რომელსაც მოსთხოვეს შეჩერებულიყო - მისი დადგენის მიზნით. მან გახსნა ცეცხლი მოულოდნელად და მიიმალა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს იმ ბორჯომის შემთხვევას, მაგ მიმართულებითაც ვმუშაობთ. სამწუხაროდ, გადმოყვანილი ჩვენი პოლიციელი ვერ გადარჩა, ვერ გადაარჩინეს ექიმებმა. დიდი მადლობა მინდა ექიმებს გადავუხადო, ყველაფერი გააკეთეს მათ. მეორეს - გრძელიშვილის მდგომარეობა - სტაბილურად მძიმეა, თუმცა, სიცოცხლის საფრთხე ძალიან პატარა პროცენტია, ჩვენი ექიმების თქმით“, - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
„მე მინდა, განცხადება გავაკეთო. ძალიან ვწუხვარ ხოლმე, მინდა, ყველას მოვუწოდო, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იქნება, რომელიმე ინსტიტუტის თუ ორგანიზაციის. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია დემორალიზებულია, პოლიცია, ბრჭყალებში ვიტყოდი, ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგებს, „დაჩმორებულია“. პოლიცია „დაჩმორებული“ ამას ვერ გააკეთებდა, არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს. პოლიცია არის ძალიან მოწოდების სიმაღლეზე და არ შეიძლება ამ ადამიანებს სული ჩაუკლა, რომლებიც მართლაც დღე და ღამე იცავენ როგორც ჩემს შვილებს, ასევე თქვენს შვილებს, ყველა თქვენგანის შვილებს. ამ პოლიციელებს გვერდზე დგომა უნდათ და არა, კიდევ ვიძახი, ყოველი ეთერიდან იქნება თუ პრესიდან - მედიიდან მათ ძახილი, რომ დემორალიზირებულია, "დაჩმორებულია". ბოდიშს ვუხდი ამ პოლიციელებს ყველას. ესენი არიან ჩემი კოლეგები და არ შეიძლება მარტო ვიდგეთ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი და მარტო ამას ვიძახდეთ ჩვენ, რომ არ არის ესე. მართლა არ შეიძლება, ძალიან ვწუხვარ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს იქნება რომელიმე პარტიის წევრი, რომელიმე ორგანიზაცია იქნება თუ არასამთავრობო იქნება. პირიქით, უნდა გავამხნევოთ და გვერდით უნდა დავუდგეთ. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ოჯახების,“- განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა ბორჯომში მომხდარ ინციდენტთან შესაძლო კავშირის შესახებ ისაუბრა: „მსგავსი სცენარი იყო იქაც და აქაც. როგორც იქ ჩაიდინა ამ ადამიანმა, იქ დაზუსტებული იყო, რომ იყო შალვა აბულაძე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. დიდი შანსია, რომ იყოს ეს ადამიანი, ძალიან ჰგავს მის ხელწერას, რაც გააკეთა ბორჯომში, თითქმის იგივე ხელწერა იყო გუშინ საღამოს რაც მოხდა“. მინისტრის თქმით, ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი ინციდენტის მსგავსი შემთხვევა დღესაც მოხდა: "ეჭვი შეიტანეს პიროვნებაზე, რომელსაც ასევე მოუწოდეს შეჩერება და ასევე არ შეჩერდა და ასევე ცეცხლი გახსნა, რომელსაც ეკეთა პარიკი და, სავარაუდოდ, შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი იყოს გუშინდელი შემთხვევის და დღევანდელის დროს. პარიკი დააგდო და გაიქცა, მიიმალა. ისევე ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს. ამჟამად, საბედნიეროდ, არავინ არ დაზიანდა პოლიციელი".
„პოლიციელი დაიღუპა და მე ვფიქრობ, რომ სჯობს პროკურატურამ გამოიძიოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ოპერატიულად, ყველანაირად ვეხმარებით, რაც შეგვიძლია, დადგენები იქნება თუ რაც იქნება. გამოძიებით პროკურატურა იძიებს და მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან პოლიციელები არიან დაჭრილი. რომ არ დაგვადანაშაულონ შემდგომში, როგორც ხდება, სამწუხაროდ, წეღანაც ვისაუბრე - მიკერძოებაში - რომ რაღაც არასწორად წავიყვანეთ გამოძიება და ასე შემდეგ,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ "ვარკეთილთან", ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.