შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან ახალი კალაპოტი ხელოვნურად გაჭრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პირადად დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. ახალი კალაპოტის გაჭრით მეწყერის შედეგად დაგუბებული წყლის გადინება დაიწყო, რაც გაათავისუფლებს დატბორილ ადგილს და ხელს შეუწყობს საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მდინარე დევდორაკის ხეობაში. ამასთანავე, 11 მოქალაქე ვერტმფრენით გადაიყვანეს ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, საიდანაც მოხერხდა მათი რუსეთის ტერიტორიაზე გატარება.