შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მისმა მოადგილეებმა, სხვადასხვა დეპარტამენტის, სამხარეო სამმართველოების და განყოფილებების უფროსებმა, რიგითმა პოლიციელებმა შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების შვილებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და სკოლაში წაიყვანეს.
2015 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის შვილებისთვის მამის გარეშე პირველი სასწავლო წელია. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბექა მარგიშვილის შვილი – ოთარ მარგიშვილი სკოლაში პირადად წაიყვანა, ხოლო გიორგი ბერუაშვილის შვილი, მარიამ ბერუაშვილი - მამამისის მეწყვილე გიორგი მახარაშვილმა.
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების შვილებს, უფროსკლასელებს გურამ დოჩანაშვილის წიგნი „სამოსელი პირველი“ გადასცეს, თავად ავტორის და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სამახსოვრო წარწერებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი სასკოლო ჩანთა, მაჯის საათი სიმბოლური წარწერით და სასკოლო ნივთები.
"არის მომენტები, როდესაც მამის გვერდით დგომა განსაკუთრებით გჭირდება...სწორედ ამან გადამწყვეტინა, რომ დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ჩვენი პოლიციელების შვილების გვერდით მათი მამების კოლეგები დავმდგარიყავით.
ოთოს მამამ სიცოცხლე თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას შესწირა და დღეს მისი შვილის გვერდით სახელმწიფო დგას, ეს ყოველთვის ასე იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა სკოლაში სტუმრობისას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული აქციით კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს იმ რიგითთა და ოფიცერთა მარადიულ ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილია, რომ დღევანდელი აქციით თითოეულმა ამ ბავშვმა იგრძნოს, რომ ქვეყანა არ ივიწყებს მათი მამების ღვაწლს სამშობლოს წინაშე, ყოველთვის მათ გვერდითაა და ზრუნავს მათზე.