როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად.
სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს კეთდება მოქალაქეთა და პოლიციელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დასაცავად.
ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.