საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შალვა ბედოიძემ მონაწილეობა მიიღო პოლიციის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ ინოვაციური მიდგომების დანერგვა და ადამიანური რესურსების განვითარება, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ასპექტები, მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის სანდოობის დადგენა, ასევე, ამ პროცესში მონაწილე პირთა როლი და სხვ.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დაათვალიერა საპოლიციო და უსაფრთხოების რიგით მეორე საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც პოლონეთის პოლიციის აღჭურვილობა და საპოლიციო უნიფორმები იყო წარმოდგენილი. პოლონელმა მესაზღვრე ოფიცრებმა საგამოფენო სივრცეში, სამომსახურეო ძაღლების შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით, სპეციალური ჩვენება გამართეს.
პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა კომენდანტმა იაროსლავ შიმჩიკმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.