შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეიმს ჰაინმა შსს-ს აკადემიაში „სისხლის სამართლებრივი გამოძიების კურსი“-ს მონაწილეებს სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი, მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ უილსონი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის 6 კვირიანი სასწავლო კურსი ჩატარდა, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდა. სწავლების კურსი მიზნად ისახავდა ინსტრუქტორების მომზადებას სისხლის სამართლის გამოძიების საბაზისო სტანდარტული პროგრამით, რომელიც ადაპტირებულია საქართველოს კანონმდებლობასთან და ქართულ რეალობაზეა მორგებული.
ინსტრუქტორთა მომზადების კურსს შეერთებული შტატების გამოცდილი სამართალდამცავი და სამართლის მცოდნე სპეციალისტები უძღვებოდნენ.
პროგრამა შედგებოდა 240 საათიანი საგამოძიებო და მეთოდოლოგიის სალექციო კურსისგან, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებზეა აგებული. სწავლება მოიცავდა ისეთ თემატიკას, როგორიცაა სამართლებრივი საფუძვლები (სისხლის სამართლის პროცესი), კრიმინალისტიკა, გამოკითხვის ტექნიკა, გამოძიების მეთოდიკა, ჩვენების მიცემის სპეციფიკა და სწავლების მეთოდოლოგია.
სწავლების შედეგად მომზადებული ქართველი ინსტრუქტორები თავად შეძლებენ აღნიშნული კურსის ჩატარებას. ფართომასშტაბიანი სწავლება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ იყო ინიცირებული და ორგანიზებული.