შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის 23 აპრილს ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, სადაც დაესწრო დიდი შვიდიანის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალური პარტნიორობის (The G7 Global Partnership Against the Spread of Weapons and Materials of Mass Destruction) სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, სადაც გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტისა (UNICRI) და გერმანული მხარის მიწვევით იმყოფებოდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს წარმატებული გამოცდილება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ინიციატივის - „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ ფარგლებში, რომელმაც შეიმუშავა და დაამტკიცა აღნიშნული დოკუმენტი.
საქართველო ყალიბდება, როგორც ქბრბ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი. 2013 წლიდან შსს-ს აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“-ს თბილისის რეგიონული სამდივნო, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანას აერთიანებს. 2014 წლის ივნისში საქართველომ პირველად უმასპინძლა ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს, ასევე, რეგიონული სტაბილურობის საერთაშორისო ფორუმს 2015 წლის თებერვალში. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, აშშ-სთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA), ნატო-სთან და ეუთო-სთან აღნიშნულ სფეროში.
სხვადასხვა ქვეყნები უკვე გამოთქვამენ სურვილს, რათა საქართველომ მათ გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და მეტიც, დაეხმაროს მათ აღნიშნულ სფეროში ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.