შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისებზე რეაგირების დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორ აგოსტინო მიაცოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი და ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები. ასევე განიხილეს ევროპის კრიზისებზე რეაგირებისა და ოპერატიული კოორდინირების დეპარტამენტთან თანამშრომლობის საკითხები.
აღნიშნული დეპარტამენტი უზრუნველყოფს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზს 24 საათის განმავლობაში. ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების დაძლევის სისტემა უმკლავდება იმ შედეგებს, რომლებიც გამოწვეულია პოლიტიკური ან შეიარაღებული კონფლიქტების, ტექნოლოგიური ინციდენტების, ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად.
შეხვედრას აგრეთვე დაესწრნენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისის დაძლევისა და ოპერატიული კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე სტავროს პეტროპულუსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, „112“-ის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები.