შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეფორმების ხელშეწყობა საქართველოს იუსტიციის სექტორში (ტექნიკური მხარდაჭერა)" ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს და პროექტის მიზნებს გაეცნენ. ალექსანდრე დარახველიძემ ექსპერტებს ბოლო წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება და მიზნად ისახავს საქართველოს მართლმსაჯულების სექტორში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და გენერალურ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის სექტორში უწყებათაშორისი კოორდინაციის, დანაშაულთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მექანიზმების გაუმჯობესებას, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის სრულფასოვნად დანერგვას, ასევე, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დანაშაულის, გენდერული დანაშაულის და ოჯახში ძალადობის პრევენციას.