შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს ადგილზე აკვირდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან - იოსებ ჭელიძესთან ერთად კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილზე შექმნილ საველე შტაბში, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გეოლოგები, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ დარჩენილია ტერიტორიის 26%, რომლის შემოწმებაც მიმდინარეობს.
„თათბირი ჩავატარეთ, დაიგეგმა ახალი მიმართულებები. ეპიცენტრში დარჩენილია 26%, რაც შესამოწმებელია. სიახლე არის ის, რომ ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა. პატრონები როგორც ვიცით დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. ეს რომ დამთავრდება, დაიგეგმება შემდგომი სამუშაოები, მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამას შემდგომ დეტალურად იტყვიან და გააკეთებენ განცხადებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ იქნა მიღებული ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის ღამეს, სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვის გადაწყვეტილება.
„მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათ, ვინც გუშინ უაზრო განცხადებები აკეთეს. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღისით, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც შუაში კუნძულზე მოხვდნენ. ამასთან ერთად მუშაობდა 5-6 სითბური დრონი, რომლებიც ბევრად უკეთესად ხედავს. ეს არის მაღალი თანამედროვე ტექნოლოგიური დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობდნენ მაღალ და დაბალ სიმაღლეებზე.
კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით? დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ.
ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმაც რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ აუცილებლად. ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული ან ჩაფლული.
ვინც გამოვიდნენ და განცხადებები აკეთეს დღესაც ვერ გაიგებენ დარწმუნებული ვარ, დღესაც გამოვლენ და იმავეს გაიმეორებენ. მე ვუხსნი ხალხს ამ შემთხვევაში რომ ხალხმა გაიგოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ დაღამდებოდა, 2 საათით ადრე ვერტმფრენებმა იმუშავეს, გამოიყვანეს ხალხი, ის 140 ადამიანი იყო უსაფრთხოდ, მათთან იყვნენ ჩვენი პოლიციელები, მაშველები, საკვები და წყალი აიტანეს და არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ჩვენ გაგვერისკა ბავშვების ღამით ვერტმფრენში აყვანა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მედიასთან ასევე კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ ინტენსიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რაც ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებშია.
„ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა თათბირს. დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება თუ რომელ კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი. მიმდინარეობს 18 სექტორად დაყოფილი საძიებო სამუშაოები, ასევე დღეს ეპიცენტრში ნანახი იქნა ჰიუნდაის მარკის ავტომობილი, რომელშიც ჩვენი ინფორმაციით სამი ადამიანი იმყოფებოდა და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიმდინარეობს სამუშაოები. სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია და დარჩენილია დაახლოებით 25-26% რომელსაც ვფიქრობთ, რომ 2 დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე და მოგვიანებით მოგახსენებთ. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება. დღეს კიდევ ერთხელ იქნება შეხვედრა მინისტრთან. როგორც გუშინ, ასევე დღესაც არის რაღაც ნიუანსები, რასაც დღის ბოლოს მოვახსენებთ მინისტრს და დავიგეგმებით გარკვეული სტრატეგიის მიმართულებით და ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვით. ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე შანსი, თეორიული მცირე შანსი აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს რაც გასაკეთებელია, რაც არის ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში. ცოცხალი ძალის გაზრდის საჭიროება არ დგას. თუკი ამის საჭიროება დადგება, რა თქმა უნდა მზად ვართ, ფაქტობრივად ჩვენ ახლა დასასრულისკენ მივდივართ და აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ამის საჭიროება დადგეს. დარჩენილი ნაწილის შესასწავლად მაქსიმუმ 2 დღე დაგვჭირდება, თუმცა გააჩნია როგორც მოგვცემს საშუალებას თვითონ მდინარე“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.