საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – რობინ დანიგანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის დირექტორი - სარა რუპერტი და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) უფროსი - ჯეიმს ულინი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აშშ-ის მთავრობის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
მხარეებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოდანაშაული და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფო საზღვრის დაცვა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.