შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილეს დაესწრო. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა და წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყო. სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა მათ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სდსს-ს ხელმძღვანელს და თანამშრომლებს სამსახურის დაარსების 21-ე წლისთავი მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა: „მინდა დღევანდელი დღე მივულოცო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან, დამთავრებული ხელმძღვანელით. მე ბევრი წელი გავატარე ამ სამსახურში – 1994 წლიდან 2004 წლამდე და ძალიან ბევრი ვისწავლე. მინდა წარმატებები და წინსვლა ვუსურვო ყველა თანამშრომელს, ვინც სდსს-ში მუშაობს“.