შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის - ბექა მარგიშვილის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა.
დაღუპული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა. დაკრძალვის ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
"ვუსამძიმრებ ოჯახს. ეს ადამიანი იყო ასევე შსს-ს დიდი ოჯახის წევრი და მე მინდა ყველას დიდი მადლობა მოვუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც გაიზიარა ჩვენი გულისტკივილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა მოქალაქის გვერდით დგომა ჩვენი პოლიციელებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმ ადამიანის დასაკავებლად, რომ მალე მოხდეს მისი დაკავება, და მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, რომ გამოცხადდეს, ჩაბარდეს პოლიციას და კანონის ფარგლებში მოხდება მისი გასამართლება.ჯერ არ მინდა, რომ ვთქვა რამე ახალი, რათქმა უნდა ვმუშაობთ და ერთ ადგილზე არ ვდგავართ. წინ მივდივართ და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მისი დაკავება" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ "ვარკეთილთან", ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით მოქალაქე შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შალვა აბულაძის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.