შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესა და გიორგი ბუთხუზთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველ სამმართველოს ეწვია. ვახტანგ გომელაური სამმართველოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო წირვას დაესწრო და თანამშრომლებს გიორგობა მიულოცა.
წირვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი პირველი სამმართველოს ბაზაზე არსებული მდგომარეობის და მიმდინარე საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მან, მოადგილეებთან ერთად, ბაზის ტერიტორიაზე არსებული სრული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის სასადილოს სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.
ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოსაც ესტუმრა, სადაც ბაზის ტერიტორიაზე თანამშრომლების საცხოვრებელი, ახლად აშენებული ყაზარმა დაათვალიერა, რომლის სარემონტო სამუშაოებიც უკვე დასრულებულია.
ახლო მომავალში სამმართველოს თანამშრომლები თანამედროვე სტანდარტით აშენებულ, საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ. ვახტანგ გომელაურმა ასევე მოინახულა ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით.
შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვებითი უზრუნველყოფით დაინტერესდა, კვების რაციონს გაეცნო და ყაზარმის სასადილოში თანამშრომლებთან ერთად ისადილა.
ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ხელმძღვანელ პირებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.