შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სამაშველო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე, ამ ეტაპზე, მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ადგილზე რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები.
„რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან.
ყველაფერს ვაკეთებთ, სამაშველო ღონისძიებაში ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ ბევრი ადამიანი - 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული.
მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინსიტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს დაშავებულების ამოყვანა, თუმცა სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის, ამ შემთხვევაში, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი შედეგი მოჰყვეს.
ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ ნანგრევებიდან გამოვიყვანოთ ის ადამიანები, ცოცხალი ვინც არის “, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, N13-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი, ქუჩაში მდგომი ერთ-ერთი დაზიანებული ავტომობილიდან უსაფრთხოდ ამოყვანილია მცირეწლოვანი ბავშვი. ასევე, მეხანძრე-მაშველებმა შენობის დაუზიანებელი ნაწილიდან სპეცტექნიკის საშუალებით განახორციელეს მოქალაქეთა ევაკუაცია და ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.
ბათუმში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების მობილიზება. ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის დახმარებით, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.