შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტით შეთავაზებული ცვლილებები გააცნო და დამსწრეების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე არის წარმოდგენილი - პარლამენტი, მთავრობა, არასამთავრობოები. უმეტეს საკითხზე არის კონსესუსი. ამ პერიოდმა, კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, დაანახა საზოგადოებას, რომ შსს-ს ინიციატივები იყო სწორი და საჭიროც. ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტის მიერ მიღებული იქნეს უმოკლეს ვადაში,“- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეხვედრაზე განიხილეს ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების, მართვის მოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ასევე, ადმინისტრირების გამკაცრების შესაძლებლობა სიჩქარის გადაჭარბებაზე, არასწორ მანევრირებასა და ნასვამობაზე.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა.