საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს (ლაგოდეხი) სასაზღვრო სექტორებს ესტუმრა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა 10 სექტორის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა, მესაზღვრეების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ, სასაზღვრო პოლიციაში წლის ბოლოსთვის დამატებით 10 სექტორის მშენებლობა იგეგმება. ზურაბ გამეზარდაშვილმა მესაზღვრეებს შს მინისტრის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც მესაზღვრეების ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდას და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ყველა მესაზღვრეს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.