შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ ნოე რამიშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე მზის ენერგიის ელექტროსადგური გახსნეს.
აღნიშნული სადგურის მზის პანელების მეშვეობით, მოქმედი ტარიფის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის ხარჯი წლის განმავლობაში 23%-ით დაიზოგება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. შესაბამისად, ყოველწლიურად ხდება შენობებში არსებული მოძველებული ტიპის სანათების ეტაპობრივად ჩანაცვლება თანამედროვე, ენერგოეფექტური სანათებით, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები ისე ხორციელდება, რომ სამშენებლო ობიექტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია და გაზი დათბუნებისა და თანამედროვე აგრეგატების ხარჯზე იყოს მინიმალური.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში, ლიეტუვურმა კომპანია JSC „Saulės grąža“-მ განახორციელა. იგი მიზნად ისახავს უწყების მიერ მოხმარებული ენერგორესურსების მაქსიმალურად შემცირებას, ასევე, კლიმატის ცვლილების შემსუბუქების მიმართულებით ლიეტუვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას, საქართველოში მზის ენერგიის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის კოორდინაციით განხორციელდა.