საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის, მიგრაციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ტრეფიკინგის საკითხებზე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადამიანით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის, მიდგომების და მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო სერვისების შესახებ ისაუბრეს. ასევე, სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, ყურადღება გამახვილდა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის, მომართვიანობისა და დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობაზე.
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, უწყებისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მომართვიანობის უზრუნველყოფა.