ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტიზის ლაბორატორიას ეწვია და უწყების ხელმძღვანელს - ჯორჯ ჰერინის შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლებმა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია დაათვალიერებინეს, დანაშულის გამოძიებისა და პრევენციის უახლესი მეთოდები გააცნეს.
ჯორჯიის შტატის ექსპერტიზის ლაბორატორიაში წელიწადში 57000-დან 100000-მდე სავარაუდო ნივთმტკიცება მუშავდება და 5000-მდე დნმ-ის ანალიზი ტარდება.
გიორგი მღებრიშვილმა განაღმვის დანაყოფიც მოინახულა და ამერიკული მხარის მიერ საქართველოსთვის გადმოსაცემად განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს ჯორჯიას შტატის სამართალდამცველებს მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ.
აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ტრენინგ-პროგრამის „ჯორჯია-საქართველოსთვის“ ფარგლებში, წლების განმავლობაში, წარმატებით განხორციელდა მრავალი სასწავლო ვიზიტი და გაცვლითი პროგრამა, ჩატარდა ათობით ტრენინგი სხვადასხვა სამართალდაცვით სფეროში: კრიმინოლოგია, კრიმინალისტიკა, პროფესიული განვითარება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, პატრულირება, მენეჯმენტი/მართვა, სპეც.იარაღების გამოყენება და ტაქტიკა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და სხვა. პროგრამა ხელს უწყობს ურთიერთობების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის.