შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს მესამე მოსმენაზე წარუდგინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარებას და მოპედების რეგისტრაციას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები და 81 ხმით მხარი დაუჭირა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.
- კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს მოპედის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში მოქცევა. ცვლილების შედეგად, მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავად პირს სავალდებულოდ დასჭირდება ახალი - "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღება. შესაბამისად, მოპედებზე, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, გავრცელდება სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.
- მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 16 წლით. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე ექნება უფლება, მართოს "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
- აღსანიშნავია, რომ "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია 2022 წლის 28 მარტამდე, რის შემდეგაც ის სავალდებულო გახდება.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან და თავდაპირველ, გარდამავალ პერიოდში, მოპედების რეგისტრაცია ასევე იქნება შესაძლებელი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში.
- მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ პროექტი ითვალისწინებს შეღავათებს სოციალურად დაუცველი პირებისთვის. ასევე, მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე დაშვებისთვის მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდებიან 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირები. სრულად თავისუფლდებიან პირები "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას.
- კანონპროექტის ერთ-ერთ უმინიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეფორმა. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
- სიახლეს წარმოადგენს ასევე „A2“ ქვეკატეგორიის შემოღება, რომელიც მოიცავს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლს.
- მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი წესი "B" და "BE" კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი მისაბმელით ან მის გარეშე) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის - 2022 წლის 7 ნოემბრიდან.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულება, კერძოდ, „მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.