საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ერთიან საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს გორში უმასპინძლა.
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილ ისტორიულ ინსტალაციებთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე, სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაეთვალიერებინათ. ბავშვებისთვის კი არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი და გასართობი სივრცეები მოეწყო.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შიდა ქართლის მხარეში მცხოვრები მოქალაქეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.