შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს, კერძოდ, საკონტროლო გამტარი პუნქტების თანამშრომლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანადგომით ჩაუტარდათ ორდღიანი ტრენინგი ყალბი დოკუმენტაციისა და ცნობების იდენტიფიცირების თემაზე.
პროექტი ითვალისწინებს საპატრულო პოლიციის ყველა გამტარ პუნქტში დასაქმებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადებას. ამერიკელმა ტრენერებმა საქართველოში შემომსვლელ პირთა ინტერვიურების თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეისწავლეს ყალბი საბუთების იდენტიფიცირების თანამედროვე საშუალებები, მათი ამოცნობა და მსგავსი სახის დოკუმენტაციასთან საჭირო პროცედურების ჩატარება. ტრენინგის მონაწილეებს ასევე გააცნეს უკანონო მიგრაციის, ტრეფიკინგის და სხვა დანაშაულის მსხვერპლთა იდენტიფიცირების უახლესი მეთოდები.
ტრენინგები ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის საკონტროლო გამტარ პუნქტებში დასაქმებულ 800-მდე თანამშრომელს ჩაუტარდება.