საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული თურქლს თ, ბანგლადეშის მოქალაქეები - 1993 წელს დაბადებული მუსტაკ ა. და 1986 წელს დაბადებული მურად მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თურქლს თ-ს მფლობელობაში არსებული, „დაფის“ მარკის, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას სალონში მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც ბანგლადეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სამალავის საშუალებით თურქლს თ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მუსტაკ ა-სა და მურად მ-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
გამოძიება თურქლ თ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მურად მ-ს და მუსტაკ ა-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).