შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) სიჩქარის მზომი 9 რადარი საჩუქრად გადასცა.
ახალი რადარების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 18 თანამშრომელს 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. სწავლება პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა.
მიმდინარე წლის დეკემბრიდან, გადამზადებული პატრულ-ინსპექტორები ხელის რადარებს პირველად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დარიალის ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე გამოიყენებენ.
საპატრულო პოლიცია ხელის რადარებს საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებში დანერგავს, სადაც „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების დაფარვის არეალი არ ვრცელდება და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია.
სიჩქარის მზომი ხელის რადარების დანერგვის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდა.