შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის – „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე ერთი წელია მონაწილეობს და სამინისტროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელი „სისხლის ბანკის“ დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებს. ასევე აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სასწრაფო-გადაუდებელი შემთხვევების დროს სისხლის გადასხმის ერთჯერად აქციაში ერთვებიან.
სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.