შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდი „საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული გუნდი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და საქართველოში გაერო-ს ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა დააჯილდოვეს. ელჩებმა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულებს ტურნირის თასი, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე და ტურნირის ხელშემწყობი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. „საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით წელს პირველად გაიმართა.
ტურნირში იმ უწყებების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც საზღვრის მართვის ერთიან სისტემაში არიან ჩართული. ესენი არიან: შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს სასაზღვრო პოლიცია, შსს-ს აკადემია და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ტურნირი შსს-ს აკადემიაში, ოლიმპიური სისტემით გაიმართა. მეორე ადგილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდმა მოიპოვა, მესამე ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის გუნდი, ხოლო მეოთხე ადგილზე შსს-ს აკადემიის გუნდი გავიდა. საზეიმო ღონისძიებაზე ყველა გუნდის წევრებს შესაბამისი სიგელები გადაეცათ.
ტურნირის მიზანი იყო საზღვრის ერთიანი მართვის ხელშეწყობა საქართველოში და ამ სფეროში უწყებათშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა. ორგანიზატორები ტურნირის მომდევნო წლებში ჩატარებას, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ სფეროში მომუშავე უწყებების გუნდების მოწვევასაც გეგმავენ.