შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციამ გორში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი აღკვეთა
18-12-2014

საპატრულო პოლიციამ გორში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი აღკვეთა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა გორში სუიციდის მცდელობის ფაქტი აღკვეთა და ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილისგან იხსნა.
გორში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე განათების ბოძზე ასული, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1975 წელს დაბადებული მოქალაქე თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტომას აპირებდა. თვითმხილველმა ტაქსის მძღოლმა აღნიშნულის შესახებ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, კერძოდ, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკების შედეგად დაარწმუნა აღნიშნული პირი არ გადმომხტარიყო, გადააფიქრებინა თვითმკვლელობა და ბოძიდან უვნებლად ჩამოიყვანა.
საპატრულო ეკიპაჟმა მოქალაქე სახლამდე მიაცილა.