შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომ...
04-11-2020

საპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.

პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.

გარდა ამისა სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.