შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული კ.წ. დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა.
სამართალდამცველებმა კ.წ. ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.