შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი და დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანე ტოფტ სორენსენი დაესწრნენ, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს აღჭურვილობა დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
სულ გადმოცემულია: “ROSENBAUER”-ის ფირმის, უახლესი, მაღალი წარმადობის 14 წყლის საქაჩი ტუმბო, 20 ერთეული 10-ტონიანი წყლის ავზი, კუთხმჭრელები, ბენზოხერხები და სხვა სპეციალური საშუალებები. პროექტი, რომლის ღირებულება 500 000 ევროს შეადგენს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახანძრო-სამაშველო ძალების გადაიარაღების პროცესში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერის მოადგილე - პოლკოვნიკი მარიან დორკანი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერი - პოლკოვნიკი სუზან კრისტენსენი.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი მოინახულეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს პირადი შემადგენლობის მომარაგებას ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით.