შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, 4 ერთეული სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციელდება.
პირველი კატარღის გადმოცემის ღონისძიება ბათუმში, სამაშველო განყოფილების ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია ესწრებოდნენ.
სტუმრებმა სამაშველო განყოფილების განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და წყალში კატარღის შესაძლებლობები გამოსცადეს.
კატარღა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირებისა და ცეცხლის ქრობის საშუალებები, რაც მეტად ეფექტურს გახდის და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც სამაშველო-საძიებო, ასევე სახანძრო ოპერაციებს.