2014 წლის 3 მაისს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორღაულში მეწყერის ჩამოწოლისა და საცხოვრებელი სახლის ნგრევის შესახებ. ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებულ იქნა იმერეთის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საჩხერის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო ჯგუფები.
მეწყერის შედეგად დაინგრა ერთი საცხოვრებელი სახლი და დაზიანდა სასმელი წყლის მილები, რის შედეგადაც სოფელ ზედა ორღაულის 300-მდე ოჯახი დარჩა სასმელი წყლის გარეშე.
ვითარების შესწავლის მიზნით, ადგილზე გაემგზავრა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი.
ვითარების ვიზუალური შესწავლის შედეგად სამაშველო ჯგუფების მიერ სახიფათო ზონიდან ევაკუირებულ იქნა სამი ოჯახი, ხოლო მოსახელობას დაურიგდათ სასმელი წყალი. სამაშველო ჯგუფები ადგილზე ახორციელებენ მორიგეობას, ვინაიდან არსებობს ღვარცოფული მოვლენების განვითარების საშიშროება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სოფლის გზას, საავტომობილო მაგისტრალს და ხეობაში მშენებარე სამ საცხოვრებელ სახლს.
5 მაისს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტმა, ადგილზე ვითარების დეტალურად შესწავლის მიზნით, გააგზავნა ოთხკაციანი ჯგუფი. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გადაწყდება სახიფათო ზონაში მყოფი მოსახლეობის სხვა ადგილზე გადასახლების საკითხი. სახიფათო ზონაში სულ მოქცეულია 12 ოჯახი.