შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის, დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მკურნალობს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სოფელ წეროვანში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.