შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ქობულეთში სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე დაესწრნენ. სტუმრებმა გარემონტებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სრული აღჭურვილობა დაათვალიერეს.
მეხანძრე-მაშველებმა დამსწრეთათვის სიმულაციური ჩვენება გამართეს. მათ „დაზარალებული“ სპეციალური საკაცით სიმაღლიდან ჩამოიყვანეს და სწრაფი დაშვება განახორციელეს.
ახლადგარემონტებული, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში 47 მეხანძრე-მაშველი და 6 თანამშრომელი იმუშავებს. ქობულეთს 6 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა მოემსახურება.