შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი: 1964 წელს დაბადებული ვ.კ. 1992 წელს დაბადებული ე.კ. და 1989 წელს დაბადებული ზ.ჟ. თბილისში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და ბინაში მყოფი ოჯახის წევრები ცივი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. ოჯახის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც იმავე კორპუსში მცხოვრებმა პირმა ერთ-ერთი თავდამსხმელის ვ.კ.-ს შეჩერება შეძლო, ხოლო დანარჩენი ორი პირი მიიმალა. ვ.კ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა ბინიდან გატაცებული ნივთები და ნიღაბი, რომელიც დაკავებულს ყაჩაღობისას ეკეთა.
სამართალდამცველებმა უმოკლეს დროში დაადგინეს დანაშაულში მონაწილე დაჯგუფების სხვა წევრების ვინაობა. სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ მიმდებარედ ზ.ჟ.-მ „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, მაგრამ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ზ.ჟ.-ს კუთვნილი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები, ასევე ფული, მათ შორის ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული თანხის ნაწილი.
პოლიციამ 21 ივლისს ბრალდებულის სახით დააკავა მესამე პირიც - 1992 წელს დაბადებული ე.კ., რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353 პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით,179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.