შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული შ.ჩ. და 1983 წელს დაბადებული გ. ხ. ბაღდათსა და თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათში, ბრალდებული შ.ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკს-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი თბილისში, გ.ხ.-ის პირადი ჩხრეკისას, ბროხარდტ-ლუგერის სისტემის „პარაბელუმის” მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.