შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი...
17-11-2018

პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ედება.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების განადგურების მუქარით, 3 000 ამერიკულ დოლარს სძალავდა. ა.გ. მოქალაქეს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - „გულის“ სახელით ემუქრებოდა. დაზარალებულის დასაშინებლად ბრალდებულმა მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი და 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.