შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ბ.კ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 იანვარს ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს სხეულზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ა.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.