შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავ...
27-12-2020

პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში, მეზობლურ დავასთან დაკავშირებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.