შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.