შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში დააკავეს.
1978 წელს დაბადებულ, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ ა.დ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1978 წელს დაბადებულ გ.ღ.-ს კი ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 პისტოლეტი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.დ.-მ 2020 წლის 29 დეკემბერს, თბილისში, სოფელ დიღმის ახლოს მდებარე სასაფლაოზე, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და იმ დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ თ.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან, ბრალდებულ გ.ღ.-სთან ერთად, მისივე ავტომობილით მიიმალა.
ა.დ.-სა და გ.ღ.-ს 2021 წლის 15 იანვარს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება მათ მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.