შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მოქალაქემ დარეკა და ოპერატორს შეატყობინა, რომ მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით გადახტომას აპირებდა.
"112"-ის ოპერატორი ყველანაირად ცდილობდა მოქალაქეს საუბარი არ შეეწყვიტა და მასთან ესაუბრა, ამშვიდებდა მას, პარალელურად კი, აღნიშნული შეტყობინების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს აცნობა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს 704-ე ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები - გიორგი ხაბალაშვილი და გიორგი ლეჟავა შეტყობინების მიღებისთანავე მითითებულ ადგილზე გამოცხადდნენ. 1985 წელს დაბადებული მარინა ჭ. პოლიციელების დანახვისთანავე მდინარე მტკვარში გადახტა, რაზეც ორივე პატრულ-ინსპექტორმა ოპერატიულად მოხდინა რეაგირება და ქალბატონის საშველად მდინარეში გადახტნენ. პატრულებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მცხეთაში, საავადმყოფოში გადაიყვანა. მარინა ჭ-ს საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაეწია გადაუდებელი დახმარება. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.