შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფების მიერ ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შექმნილი რთული ვითარების გამო, ადგილზე ნინოწმინდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო ჯგუფების გარდა მობილიზებულ იქნა ახალქალაქის, ასპინძის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან დამატებით გაიგზავნა ხუთი ჯგუფი სპეციალური მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს თოვლიდან და გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.
სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს. სამაშველო სამუშაოებს ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები.