საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციას ნატოს შტაბ-ბინის დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი ხელმძღვანელობს. ვიზიტი მიზნად ისახავს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში არსებული პარტნიორობის მიზნების გადახედვასა და განახლებას.
დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, პარტნიორობის მიზნების გადახედვა ორ წელიწადში ერთხელ ხდება და მიღწეული პროგრესი ნატოს ექსპერტების მიერ ყოველწლიურად ფასდება.
შემფასებელთა ჯგუფი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პარტნიორობის მიზნები და შსს-ს კომპეტენციაში შემავალი, ნატოსთან თანამშრომლობის სფეროების გაფართოების საკითხები განიხილეს. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატი ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს.
ამასთანავე, დელეგაციის ხელმძღვანელმა ფრენკ ბოლანდმა შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.