შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე ფუნქციების გამიჯვნის, ანგარიშვალდებულების და კონტროლის მექანიზმების, კოორდინაციის, ანალიტიკური ფუნქციების შემდგომი გაძლიერებისა და სხვა საკითხები განიხილეს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებსა და შენიშვნებზე იმსჯელეს.
საპარლამენტო განხილვების პარალელურად, მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთავრობის მზაობას, ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩილ თალაკვაძემ დაასახელა არაერთი რეკომენდაცია და შენიშვნა, რომელიც რეფორმის პროექტის მომზადების და განხილვის პროცესში ხელისუფლებამ გაიზიარა და გაითვალისწინა.
შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეხვედრას იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ოქროპირიძე, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე დაესწრნენ.