მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური გაიხსნა, რომელიც რეგიონში აქამდე არ ფუნქციონირებდა. გახსნის ცერემონიას შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ნუგზარ სუჯაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის ახალი შენობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.
ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დადგენას უახლესი ნარკოტესტებით ახორციელებს. ექიმი-ნარკოლოგები ასევე აწარმოებენ კლინიკურ შემოწმებას პირის ნარკოტიკული თრობის მდგომარეობის დასადგენად.
გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს კრიმინალისტიკური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას. კრიმინალისტიკური სამსახური აღჭურვილია სისტემით, რომელიც დაკავშირებულია ერთიან ბაზასთან, რისი საშუალებითაც პიროვნების თითის ანაბეჭდებისა და ფოტოსურათის მონაცემთა ბაზასთან შედარება და პირის ვინაობის დადგენა ოპერატიულად ხორციელდება. ახალი ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი მცხეთა-მთიანეთის სამართალდამცავ დანაყოფებს მოემსახურება.