შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოები 30 ივნისს ღამის 12:00 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ორთაჭალჰესის ზედა ბიეფში მოხდა წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა და ორთაჭალჰესის ფარების გახსნა, რამაც გამოიწვია ორთაჭალჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის მატება.
მასშტაბურ ღონისძიებაში ჩართულია 1000-მდე მეხანძრე-მაშველი და მიმდინარეობს მდინარე მტკვრის სრული პერიმეტრის, ასევე, მდინარეში არსებული ხელოვნური კუნძულების დეტალური დათვალიერება. 30 ივნისს, აღნიშნული ოპერაციების შედეგად, ნაპოვნია დათვის, პონის და 18 ძაღლის ლეში. სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს წყალზე მცურავი საშუალებები და წყალქვეშა საძიებო აღჭურვილობა.