შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“.
პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები შსს-ს აკადემიას, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რუსთავის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ეწვივნენ.
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა მოზარდებს აკადემიის საქმიანობა გააცნეს, საბაკალავრო და საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამებსა და სამართალდამცავ სისტემაში დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრნენ.
სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა განრიგი გააცნეს და საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდები ახალწვეულთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს დაესწრნენ. სტუმრებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო.
მეხანძრე-მაშველები მოსწავლეებს სააგენტოს მუშაობის სპეციფიკასა და ისტორიაზე ესაუბრნენ და მათ უსაფრთხოების შესახებ საჭირო და სასარგებლო რჩევები მისცეს. მოზარდებმა სახანძრო მანქანები და მეხანძრე-მაშველთა აღჭურვილობა დაათვალიერეს.
შსს პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.